• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

5 შეცდომა, რომელსაც შეიძლება უშვებდეთ ხელფასების დათვლის დროს

5 შეცდომა, რომელსაც შეიძლება უშვებდეთ ხელფასების დათვლის დროს

ხელფასების დათვლა მარტივ ამოცანად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა, შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებენ, ხშირია. ეს შეცდომები კომპანიებისთვის საკმაოდ ხარჯიანია და მათ რეპუტაციაზეც აისახება.

ამ პოსტში გვსურს ვისაუბროთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში კომპანიების წინაშე დგას. გახსოვდეთ, ეს პოსტი მხოლოდ ზოგადი შინაარსისაა. თქვენს ბიზნესზე უკეთ მორგებული რჩევებისთვის აჯობებს პროფესიონალ კონსულტანტებს მიმართოთ.

 

1. გადასახადების არასწორად დაანგარიშება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი და რთული საგადასახადო რეგულაცია არ გვაქვს, შეცდომების დაშვება მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ხელფასის დაანგარიშების დროს შესაძლოა გამოგვრჩეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი, ვთქვათ, კვების ან ტრანსპორტირების თანხები.

აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი კომპანიებში ორგანიზაციის სხვადასხვა თანამშრომელს შორის იშვიათად თუა მოწესრიგებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელფასის დათვლის მომენტში მენეჯერები ბუღალტრებს არასრულ ინფორმაციას აწვდიან ნამუშევარი დროის ან გამომუშავების შესახებ. შემდეგ ეს მონაცემები იცვლება, რაც შესაბამისი სახელფასო თანხების, საშემოსავლო გადასახადების და საშემოსავლო დეკლარაციების ცვლილებას იწვევს.

ერთის მხრივ, ხელფასების კორექტირებას ძალიან დიდი დრო მიაქვს, მეორეს მხრივ კი საშემოსავლო დეკლარაციაში თანხების გაზრდის გამო კომპანიებს საურავის გადახდა უწევთ. არადა, ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემის მოგვარებით კომპანია საურავსაც თავიდან აიცილებდა და ხელფასების კორექტირებაზე გაწეული დროის ხარჯებსაც.

 

 

2. აღრიცხვიანობისა და მონაცემების შენახვის პრობლემები

არასწორ აღრიცხვიანობას ან მონაცემების დაკარგვას კომპანიისთვის მტკივნეულ შედეგებამდე შეუძლია მიგვიყვანოს. სახელფასო მონაცემები უმეტესად ექსელის ფაილით იმართება. ეს ფაილი ინახება კონკრეტული ბუღალტრის კომპიუტერში, მონაცემების გასაანალიზებლად კი ბუღალტრულ ჟურნალში დეტალური გატარებები კეთდება ყოველი თანამშრომლისა და ყოველი სახელფასო კომპონენტის მიხედვით.

ექსელი, თავისთავად, კარგი და მოქნილი ინსტრუმენტია, თუმცა, სენსიტიური მონაცემების ექსელის ფაილში, ბუღალტრის კომპიუტერში შენახვა საკმაოდ სარისკოა. კომპიუტერის დაზიანებამ, ვირუსმა, ან ძალიან პრიმიტიულმა ჰაკერულმა ქმედებამ ფაილის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. მისი ხელახლა შექმნა კი შრომატევადი საქმეა.

ექსელის მოქნილობა ადამიანური შეცდომის რისკსაც ზრდის. რაც შეეხება მონაცემების ანალიზს, ამისთვის, როგორც უკვე ვთქვით, ბუღალტერიაში დეტალური გატარებები კეთდება, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს როგორც უშუალოდ გატარების, ისე მონაცემების მოძიების პროცესში.

 

3. ცნობილი პრობლემების უგულებელყოფა

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზედმეტ თანხას უხდით თანამშრომელს, ან ხელფასს უხდით ადამიანს, რომელიც, თურმე, თქვენთან აღარ მუშაობს. შეიძლება გაიფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველას შეიძლება მოუვიდეს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამის გამო კომპანიები ფულს კარგავენ.

საქმე პირიქითაც შეიძლება იყოს და თანამშრომელს კუთვნილზე ნაკლებ ხელფასს უხდიდეთ. ასეთი შეცდომების მიმართ კი თქვენი პრაქტიკა კონკრეტული პრეცედენტების გამოსწორება იყოს. არც ასეთი სიტუაციაა სახარბიელო, რადგან ის თანამშრომლების უნდობლობასა და უკმაყოფილებას იწვევს, რაც, გრძელ ვადაში, მხოლოდ ავნებს თქვენს ბიზნესს.

საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, აუცილებელია არ უგულებელყოთ თანამშრომლების უკმაყოფილება. კომუნიკაციის დასამყარებლად და სიტუაციის გამოსასწორებლად შეგიძლიათ, თუნდაც, ყუთი დადგათ, სადაც ისინი ანონიმურად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს.

 

4. სახელფასო ხარჯების არასწორი კლასიფიკაცია

აღრიცხვიანობისა და ანალიტიკის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია სახელფასო ხარჯების სწორი დანაწილება. ყოველი გადახდის მომენტში აუცილებელია ვიცოდეთ რომელი თვის ხელფასს ვიხდით და, შესაბამისად, რომელი თვის ხარჯებს მიეკუთვნება აღნიშნული თანხა. ასეთი შემთხვევის მარტივი მაგალითია კომპანია, რომელიც, ვთქვათ, აპრილის ხელფასს იხდის მაისის პირველ რიცხვებში. შედარებით რთული შემთხვევაა, გარკვეული მიზეზის გამო, თანამშრომლისთვის რამდენიმე თვის ხელფასის ერთდროულად ჩარიცხვა.

ასევე მნიშვნელოვანია სახელფასო ხარჯების სახეობების მიხედვით სწორად განაწილება. ეს ინფორმაცია უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტისთვისაა საინტერესო. გარდა ამისა, გარკვეული ხარჯის ტიპები შეიძლება კაპიტალიზებადი იყოს და გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაზე უნდა ნაწილდებოდეს. ორივე შემთხვევაში, ხარჯებს თუ სწორად არ გადავანაწილებთ, სამომავლოდ ერთიანი სურათის დანახვა გაგვიჭირდება.

 

5. ნამუშევარი დროის არასწორად ანაზღაურება

საქართველოში დასაქმებული ადამიანები ხელფასს ხშირად ნამუშევარი დროის მიხედვით იღებენ. ეს პროცესი, ერთი შეხედვით, მარტივი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ როგორც კი დეტალებში ჩავდივართ, ბევრ პრობლემას ვაწყდებით.

სანამ უშუალოდ მსჯელობაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზოგიერთი საკითხი, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს:

  • სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში (ინდუსტრიის მიხედვით 40 ან 48 საათი);
  • ანაზღაურების წესი ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში;
  • ანაზღაურების წესი ოფიციალურად უქმე დღეებში მუშაობის შემთხვევაში.

აღნიშნული წესების გათვალისწინება აუცილებელია არა მხოლოდ საათობრივ, არამედ, ფიქსირებულ, ყოველთვიურ ხელფასზე მომუშავე თანამშრომლების ხელფასების დაანგარიშების დროსაც.

შესაძლებელია, თანამშრომელს ფიქსირებულ ხელფასს უხდიდეთ და მისი სამუშაო გრაფიკიც სტანდარტული იყოს (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00), თუმცა, მისი გეგმიური და ფაქტობრივად ნამუშევარი დრო ერთმანეთს მაინც არ დაემთხვეს. მაგალითად, თუ თანამშრომელი შუა თვეში აიყვანეთ, ან თვის განმავლობაში მან ანაზღაურების გარეშე შვებულება აიღო, მისთვის მთელი თვის ხელფასის გადახდა არასწორი იქნებოდა, ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ დათვლისას თანამშრომლის ფაქტიურად ნამუშევარი დრო გავითვალისწინოთ და არა – გეგმიური.

 

 

ზოგიერთი კომპანია ხელფასებს ჯერ კიდევ ხელით ითვლის. რიგ შემთხვევებში მსგავსი მიდგომა შესაძლოა ამართლებდეს კიდეც, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანური ფაქტორი შეცდომების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ჩვენ მიერ უკვე აღწერილი და სხვა შეცდომების დასაზღვევად, ბევრი კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფას მიმართავს, რითაც იმცირებს რისკებს და პროცესს უფრო სწრაფს ხდის. რა თქმა უნდა, ეს ყველა პრობლემას არ ჭრის, ადამიანებმა შეცდომა პროგრამაში მონაცემების შეყვანის დროსაც შეიძლება დაუშვან. ამის აღმოსაფხვრელად აუცილებელია თანამშრომლები კარგად იცნობდნენ გამოყენებულ ტექნოლოგიებს.

ზოგი დამსაქმებელი ხელფასების დათვლის საკითხებს სხვა, ამ სფეროში გამოცდილ მომწოდებელს ანდობს, რაც შეცდომებსაც ამცირებს და დარღვევის შემთხვევაში – ზარალსაც. აშშ-ში ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა, საქართველოში ის ახლაღა იკიდებს ფეხს და შესაბამისი რისკიც ახლავს თან, რადგან ყველა მომწოდებელი არ პასუხობს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია რისკების დასაზღვევად.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ გადაამოწმოთ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე ხომ არ არსებობს თქვენს კომპანიაში და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გამოსწორებაზე იზრუნოთ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co