• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

ახალი დაგროვებითი საპენსიო სქემა (გამოთვლის წესები და ინფორმაცია)

ახალი დაგროვებითი საპენსიო სქემა (გამოთვლის წესები და ინფორმაცია)

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ბლოგ-პოსტის დაწერის მომენტისთვის, არ არსებობდა საპენსიო დეკლარაციის დეტალური ინსტრუქცია და ყველანაირი ინფორმაცია არის მხოლოდ იმ პერიოდის ინფორმაციაზე დაფუძნებული, როდესაც ეს პოსტი დაიწერა. უახლესი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ჩვენი ახალი ბლოგ-პოსტი წაიკითხოთ.

 

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია დაგროვებითი გახდება. დაგროვებითი საპენსიო სქემა გულისხმობს შენატანებს, რომლებსაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო განახორციელებენ.

საქართველოს მოქალაქეებს (არარეზიდენტების გარდა) და რეზიდენტებს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ექნებათ. მათ საპენსიო სააგენტო შეუქმნის თითოეულ მონაწილეს. საინვესტიციო სამსახური კი საპენსო აქტივებს საერთაშორისო და ფინანსურ ინსტრუმენტებში დააინვესტირებს.

ადამიანის ინდივიდუალურ ანგარიშზე დასაქმებული და დამსაქმებელი ხელფასის გაცემიდან მაქსიმუმ 15 კალენდარულ დღეში დასაქმებულის თვიური დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავენ. ეს ყველა დასაქმებულს შეეხება, თუ მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 60,000 ლარზე მეტი არაა.

სახელმწიფო იმ შემთხვევაში რიცხავს 2%-ს, როდესაც ადამიანის წლიური დასაბეგრი ხელფასი ან შემოსავალი 24,000 ლარს არ აღემატება. 24,000 – 60,000 ლარიანი წლიური შემოსავლის/ხელფასის დროს კი 1%-ს რიცხავს. დამსაქმებელი და სახელმწიფო შენატანებს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევამდე ახორციელებენ.

პროცენტის გამოთვლის დროს ბონუსებიც და პრემიებიც იქნება გათვალისწინებული.

ეს რიცხვები უფრო მარტივად ამ ცხრილზე შეიძლება აღიქვათ:

 

 

დასაქმებული

დამსაქმებელი

სახელმწიფო

24,000-ზე ნაკლები წლიური ხელფასი

2%

2%

2%

24,000-60,000 წლიური ხელფასი

2%

2%

1%


სიტუაციაში კიდევ უფრო უკეთ გასარკვევად, შესაბამისი მაგალითებიც განვიხილოთ.

 

მაგალითი #1

ლევანის დასაბეგრი ხელფასი 1,250 ლარია. მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 15,000 ლარი გამოდის:

1,250 * 12 = 15,000

15,000 < 24,000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 25 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს:

1,250 * 0.02 = 25

დამსაქმებელიც 2%-ს, ანუ 25 ლარს რიცხავს. ასევეა თავად დასაქმებულიც, ანუ ლევანი. ლევანს თავისი 2% ხელფასიდან მოაკლდება, შესაბამისად, საშემოსავლოს გამოთვლის საბაზისო თანხა თუ 1250 ლარი იყო, ახლა 25 ლარით შემცირდება:

1,250 – 25 = 1,225

 

მაგალითი #2

ლევანის დასაბეგრი ხელფასი 3,750 ლარია. მისი წლიური დასაბეგრი ხელფასი 45,000 ლარი გამოდის:

3,750 * 12 = 45,000

45,000 > 24,000

45,000 < 60,000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 37.5 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი ხელფასის 1 პროცენტს:

3,750 * 0.01 = 37.5

დამსაქმებელი 2%-ს, ანუ 75 ლარს რიცხავს:

3,750 * 0.02 = 75

ასევეა თავად დასაქმებულიც, ანუ ლევანი. ლევანს თავისი 2% ხელფასიდან მოაკლდება, შესაბამისად, საშემოსავლოს გამოთვლის საბაზისო თანხა თუ 3,750 ლარი იყო, ახლა 75 ლარით შემცირდება:

3,750 – 75 = 3,675

 

თვითდასაქმებულებისთვის ეს ნებაყოფლობითი იქნება და ვინაიდან თავადვე არიან დამსაქმებლებიცა და დასაქმებულებიც, სურვილის შემთხვევაში, ისინი დასაბეგრი შემოსავლის 4%-ს გადარიცხავენ. ეს მაშინ, როდესაც მათი შემოსავალი 60,000 ლარს არ აღემატება.

 

 

თვითდასაქმებული

სახელმწიფო

24,000-ზე ნაკლები წლიური შემოსავალი

4%

2%

24,000-60,000 წლიური შემოსავალი

4%

1%

 

სიტუაციაში კიდევ უფრო უკეთ გასარკვევად, შესაბამისი მაგალითებიც განვიხილოთ.

 

მაგალითი #3

ლევანის დასაბეგრი შემოსავალი თვიურად 1,250 ლარია, ანუ ხელზე ის 1,000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი 15,000 ლარი გამოდის:

1,250 * 12 = 15,000

15,000 < 24,000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 25 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი შემოსავლის 2 პროცენტს:

1,250 * 0.02 = 25

ლევანს კი 4%-ის, ანუ 50 ლარის ჩარიცხვა მოუწევს:

1,250 * 0.04 = 50

შესაბამისად, საშემოსავლოს გამოთვლის საბაზისო თანხა თუ 1250 ლარი იყო, ახლა 50 ლარით შემცირდება:

1,250 – 50 = 1,200

 

მაგალითი #4

ლევანის დასაბეგრი შემოსავალი თვიურად 3,750 ლარია, ანუ ხელზე ის 3,000 ლარს იღებს. მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი 45,000 ლარი გამოდის:

3,750 * 12 = 45,000

45,000 > 24,000

45,000 < 60,000

შესაბამისად, სახელმწიფო მას ყოველთვიურად 37.5 ლარს ჩაურიცხავს, მისი დასაბეგრი შემოსავლის 1 პროცენტს:

3,750 * 0.01 = 37.5

ლევანს კი 4%-ის, ანუ 150 ლარის ჩარიცხვა მოუწევს:

3,750 * 0.04 = 150

შესაბამისად, საშემოსავლოს გამოთვლის საბაზისო თანხა თუ 3,750 ლარი იყო, ახლა 150 ლარით შემცირდება:

3,750 – 150 = 3,600

 

 

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულო არაა, გადაწყვეტილება თავად დასაქმებულმა უნდა მიიღოს. დამსაქმებლებს მათზე ზეგავლენის მოხდენა ეკრძალებათ. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ დამსაქმებლებს ფინანსურად არ აწყობთ დაგროვებითი სქემა, ვინაიდან დამატებით 2%-ის გადახდა უწევთ და შეიძლება დასაქმებულის 2%-იც მათი გადასახდელი გახდეს, რათა მათი ხელფასები იგივე დარჩეს.

საპენსიო ანგარიშების აქტივები პირად საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ მისი განკარგვის უფლება საპენსიო ასაკში უჩნდება ადამიანს. ამ დროს მას შეუძლია საკუთარ ანგარიშზე არსებული აქტივის ღირებულების შესაბამისი თანხა ერთჯერადად, სრულად აიღოს ან რეგულარულად მიიღოს ნაწილ-ნაწილ.

კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებშიც შეიძლება ამ თანხის გამოყენება. ამ „სხვა შემთხვევებში“, მაგალითად, შედის საქართველოს სამუდამოდ დატოვება ან მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში თანხის მემკვიდრისთვის გადაცემა.

გახსოვდეთ, ეს პოსტი მხოლოდ ზოგადი შინაარსისაა. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ.

თქვენი ინდივიდუალური პენსიის გამოსათვლელად, ამ ბმულს შეგიძლიათ მიჰყვეთ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co