• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლა (შრომის კოდექსი სალაპარაკო ენაზე)

ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლა (შრომის კოდექსი სალაპარაკო ენაზე)

ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურების გარეშე შვებულება, ორსულობა, მშობიარობა და დროებითი შრომისუუნარობა შრომითი ურთიერთობის შეჩერებას იწვევს: ამ დროს დასაქმებული დროებით არ ასრულებს სამუშაოს, რომელიც მისი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ამ პოსტში მხოლოდ ანაზღაურებად შვებულებაზე ვისაუბრებთ.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ადამიანს, რომელსაც უკვე 11 თვე აქვს ნამუშევარი ერთ კომპანიაში, ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის. ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღეს მოიცავს. დასაქმებულს შეუძლია ანაზღაურების გარეშე შვებულებითაც ისარგებლოს, წელიწადში სულ მცირე კალენდარული 15 დღით.

ეს მინიმალური მოთხოვნებია: დამსაქმებელს შეუძლია მხოლოდ მათ არ დასჯერდეს და თავის თანამშრომლებს უკეთესი პირობები შესთავაზოს.

 

როგორ გამოითვლება საშვებულებო ანაზღაურება

საშვებულებო ხელფასის დათვლის დროს ვითვალისწინებთ ხელფასის ტიპსა და ნამუშევარი თვეების რაოდენობას. ამ ცხრილზე ასახულია თითოეულ შემთხვევაში რის მიხედვით ვთვლით დასაქმებულის ხელფასს. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, შესაბამის მაგალითებსაც განვიხილავთ:

 

 

ცვლადი ხელფასი

ფიქსირებული ხელფასი

3 ან მეტი თვეა მუშაობს

წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურების მიხედვით

უახლესი ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასის მიხედვით

3 თვეზე ნაკლებია მუშაობს/ბოლო შვებულებიდან 3 თვე არ გასულა

ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურების მიხედვით

უახლესი ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასის მიხედვით

 

მაგალითი #1
ელენეს ფიქსირებული ხელფასი აქვს. ის ერთი წელია ერთ კომპანიაში მუშაობს. მისი ხელფასი მე-10 თვეში 1000, მე-11-შიც - 1000, ხოლო მე-12-ში, მისი ახალი კონტრაქტის მიხედვით, 1200 ლარი გახდა.

ელენე იღებს შვებულებას და ერთ თვეს ბათუმში ატარებს.
რამდენი იქნება მისი საშვებულებო ხელფასი?

1200 ლარი, რადგან ეს მისი ბოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებაა. ანუ, ელენე შვებულებაში რომ არ გასულიყო, აიღებდა 1200 ლარს, შესაბამისად, შვებულებაშიც ამდენი უნდა აიღოს.

 

მაგალითი #2
ელენეს ფიქსირებული ხელფასი აქვს. ის ორი თვეა ერთ კომპანიაში მუშაობს. მისი უახლესი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი 1000 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამსაქმებელი ვალდებული არაა, ელენეს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას აძლევს.

ის იღებს შვებულებას და ერთ თვეს ბათუმში ატარებს.
რამდენი იქნება მისი საშვებულებო ხელფასი?

1000 ლარი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იგივეა: ეს მისი ბოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებაა. ანუ, ელენე შვებულებაში რომ არ გასულიყო, აიღებდა 1000 ლარს, შესაბამისად, შვებულებაშიც ამდენი უნდა აიღოს.

 

მაგალითი #3
ელენეს ცვლადი ხელფასი აქვს. ის ერთი წელია ერთ კომპანიაში მუშაობს.
მისი ანაზღაურება ბოლო სამ თვეში განსხვავებული იყო:
მეათე თვეში - 500 ლარი;
მეთერთმეტე თვეში - 600 ლარი;
მეთორმეტე თვეში - 400 ლარი.

ელენე იღებს შვებულებას და ერთ თვეს ბათუმში ატარებს.
რამდენი იქნება მისი საშვებულებო ხელფასი?

500 ლარი, რადგან ეს მისი ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებაა:

500 + 600 + 400 = 1500
1500 : 3 = 500

 

მაგალითი #4
ელენეს ცვლადი ხელფასი აქვს. ის ორი თვეა ერთ კომპანიაში მუშაობს.
პირველ თვეში მისი ხელფასი 450 ლარი გამოვიდა, მეორეში - 550. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამსაქმებელი ვალდებული არაა, ელენეს ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას აძლევს.

ელენე იღებს შვებულებას და ერთ თვეს ბათუმში ატარებს.
რამდენი იქნება მისი საშვებულებო ხელფასი?

500 ლარი, რადგან ეს მის მიერ ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებაა:

450 + 550 = 1000
1000 : 2 = 500

მაგალითი #5
ახლა განვიხილოთ ოდნავ რთული სიტუაცია: ელენეს ცვლადი ხელფასი აქვს და ერთკვირიან შვებულებას იღებს მაისში.
მისი ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურება, ვთქვათ, ისევ 500 ლარია.
ამჯერად აუცილებელია ელენეს საშუალო დღიური ანაზღაურება გავიგოთ. მაისში თუ 20 სამუშაო დღეა, მაშინ:

500 : 20 = 25

შემდეგ კი 25-ს გადავამრავლებთ შვებულების პერიოდში სამუშაო დღეების რაოდენობაზე. ვთქვათ, 5 სამუშაო დღე იყო ელენეს ერთკვირიან შვებულებაში:

25 * 5 = 125

ელენეს საშვებულებო ანაზღაურება 125 ლარი გამოვიდა.

 

საბოლოო ჯამში, მთავარია გვახსოვდეს, რომ ფიქსირებული ხელფასის მქონე დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების დროს იმდენს ვუხდით, რამდენსაც გადავუხდიდით შვებულებაში რომ არ გასულიყო, ცვლადის შემთხვევაში კი დაახლოებით იმდენს, რამდენსაც გადავუხდიდით. ამიტომ, საქმე არც ისე ჩახლართულადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co