• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

დროა კლინიკებმა ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემებზე დაიწყონ ფიქრი

დროა კლინიკებმა ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემებზე დაიწყონ ფიქრი

ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა ყველანაირი კომუნიკაცია გაამარტივა. სერვისულ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, ბანკინგი, ტრანსპორტირება, მიტანის სერვისი და სხვა, IT სულ უფრო აქტიურად გამოიყენება.

ბოლო წლების გამოცდილებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიები, რომლებიც ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებენ, სხვებთან შედარებით, კონკურენტულ უპირატესობაში არიან და მომხმარებლები მათთან ურთიერთობას ამჯობინებენ.

მოსალოდნელია, რომ მომავალში, რაც მეტად გაიზრდება ახალგაზრდა თაობის როლი ეკონომიკაში, მით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება სწრაფ, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე.

ბუნებრივია, ინფორმაციული ტექნოლოგიები ჯანმრთელობის დაცვის საკითხსაც შეეხო. ჯანდაცვის IT პაციენტების ურთიერთობას აადვილებს ექიმებთან, აფთიაქებთან, კლინიკებთან და საავადმყოფოებთან.

ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებითაც კლინიკები ციფრულად მართავენ პროცესებს, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემა ეწოდება, მას მეორენაირად ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) სისტემას უწოდებენ. ეს ორი ტერმინი თავდაპირველად სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდა, მაგრამ დღეს დასავლეთში სინონიმებად გამოიყენება.

EHR-ი პაციენტის მკურნალობის პროცესს მთლიანად აციფრულებს, როგორც კლინიკურ, ისე – ადმინისტრაციულ ნაწილში. ის საავადმყოფოებისა და კლინიკების გამართულად მუშაობის პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მსოფლიოს თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები EHR-ს აქტიურად იყენებენ: მის გარეშე, კლინიკის პროცესების მოგვარება ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება.

საქართველოსთვის ეს ტერმინები შედარებით ახალია. ამ პოსტში ვეცდებით მარტივად და გასაგებად ავხსნათ რატომ არის ასეთი სისტემების გამოყენება მომგებიანი როგორც კლინიკის, ისე – პაციენტებისთვის.

 

რა ფუნქციონალს მოიცავს ტიპური EHR-ი

 

EHR-ი ორ ფუნქციურ, კლინიკურ და ადმინისტრაციულ მოდულად შეგვიძლია დავყოთ:

კლინიკური მოდული: მოიცავს ყველაფერს, რაც უშუალოდ პაციენტის მკურნალობას ეხება. მისი რამდენიმე ნაწილია:

  • დოკუმენტაცია, სადაც ექიმი ჩანაწერებს აკეთებს;
  • მიმართვები და დანიშნულებები, სადაც ექიმი ელექტრონულ მიმართვებს წერს და მედიკამენტებს ნიშნავს;
  • შედეგების რეპორტინგი, სადაც ექიმი ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ნახულობს და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, ეს მოდული ექიმებისა და ექთნების ყოველდღიურ სამუშაოებს აწესრიგებს და მათ პაციენტის ჯანმრთელობაზე სრულ ინფორმაციას აწვდის, რაც, ბუნებრივია, რომ აუცილებელი კომპონენტია ეფექტური მკურნალობისთვის.

ადმინისტრაციული მოდული: კომერციული რეალობიდან გამომდინარე, ჯანდაცვას, ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესს, ესაჭიროება ხელსაწყოები ჩანაწერების გასაკეთებლად. მაგალითად, ადმინისტრაციული მოდულის ნაწილებია:

  • ბილინგი;
  • ჯავშნების მართვის სისტემა;
  • სამუშაო ძალის მართვის სისტემა და ა.შ.

აღნიშნული მოდულები EHR-ის ფუნქციონალურ კატეგორიებს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია ის მომხმარებლის კონტექსტის მიხედვითაც დავყოთ: ამბულატორიასა და სტაციონარში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა აღინიშნება თანაკვეთაც. შესაბამისად, მათ ელექტრონულ სამედიცინო ისტორიებსაც დიდი ფუნქციური თანაკვეთა აქვთ. მაგალითად, ორივეგან საჭიროა ბილინგი და კლინიკური დოკუმენტაცია, მაგრამ ხშირად განსხვავებულია მათი ფარგლები და პრიორიტეტები.

EHR-ს სარგებლობა მოაქვს სამედიცინო დაწესებულების იმ პერსონალისთვის, რომელიც მას უშუალოდ იყენებს (სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი) და ასევე პაციენტებისთვის. ჩამოვთვალოთ თითოეულის სარგებელი ცალ-ცალკე:

რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს სამედიცინო პერსონალისთვის

  • EHR-ის დანერგვის შემდეგ, აღარ არსებობს ხელით წერასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების სამუშაო პროცესში აღარ ხდება უზუსტობები, აღარ იკარგება დრო და ნაწერი არის კითხვადი;
  • აღარ იკარგება ანკეტები და მათ ძებნაში არ იხარჯება უამრავი დრო, აღარ არის საჭირო ახალი ანკეტის გახნა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტურია;
  • სამედიცინო დაწესებულების ქსელში არის ერთიანი ინფორმაცია. მაგალითად, თუ პაციენტმა კვლევა ქსელის ერთ კლინიკაში გაიკეთა, ექიმთან კი მეორე კლინიკაში ჩაეწერა, ორივე კლინიკის პერსონალს აქვს ინფორმაცია;
  • ინფორმაციის არქონის გამო, არასაჭირო მკურნალობაში ექიმები დროს აღარ ხარჯავენ. მაგალითად, ხშირად ექიმებმა არ იციან რა შედეგი გამოიღო სხვა ექიმის მიერ გაწეულმა მკურნალობამ და ისინიც არაეფექტურ მკურნალობას იმეორებენ;
  • ექიმებს EHR-ში შეუძლიათ პაციენტის მკურნალობაზე დინამიკაში დაკვირვება. მაგალითად, როცა ის კვლევაზე დაუწერს პაციენტს მიმართვას, EHR-ის გარეშე ვერ ამოწმებს პაციენტმა მართლა ჩაიტარა თუ არა ის;
  • მკურნალობის პროცესში, EHR-ის გამოყენების დროს, აღარ არის “შავი ხვრელები”. ვგულისხმობთ იმას, რომ ექიმმა უკვე იცის, გაუკეთდა თუ არა დანიშნული მედიკამენტი სტაციონარის პაციენტს, გაიგზავნა თუ არა მასალა ანალიზზე და ა.შ. ამ ინფორმაციის ქონა კი არსებითია სწორი მკურნალობისთვის;
  • იურიდიულ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალი აღარ არის დაუცველი, რადგან ყოველ სერვისზე არსებობს შესაბამისი დოკუმენტი და, დავების დროს, ექიმებსა და ექთნებს სიმართლის დამტკიცების საშუალებას აძლევს.

რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის

  • მედიკამენტების აღრიცხვის პრობლემების მოგვარება;
  • მოწესრიგებული რეგისტრატურა;
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის დალაგება;
  • პერსონალის ხელფასების სწორად გამოანგარიშება და ჩარიცხვა;
  • ფინანსური დანაკარგების შემცირება;
  • მეტი პაციენტის მომსახურება, პროცესების სისწრაფიდან გამომდინარე;
  • სახელმწიფო რეგულაციების უფრო მარტივად დაცვა;
  • ნაკლები საკანცელარიო ხარჯი.

რა სარგებლობა მოაქვს EHR-ს პაციენტებისთვის

  • ექიმთან ჩაწერის სიმარტივე;
  • ელექტრონული ბარათები, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია არის ერთიანი, ექიმები პაციენტის სამედიცინო ვიზიტების ინფორმაციას სრულად ხედავენ და აღმოიფხვრება ნებისმიერი ხარვეზი, რაც ინფორმაციის არარსებობის გამო ხდებოდა, მაგალითად, ასეთია ერთი და იმავე ლაბორატორიული ტესტის ორჯერ ჩატარება;
  • არ იკარგება პაციენტების ისტორიები, რაც პაციენტებს აღარ უჩენს უნდობლობის გრძნობას სამედიცინო დაწესებულების მიმართ;
  • ეხარჯებათ ნაკლები დრო ისეთ რამეებში, როგორებიცაა, მაგალითად, კვლევის შედეგების მოგროვება, მედპერსონალთან ყოველი ახალი შეხების დროს იმის ახლიდან ახსნა, თუ ვინ არიან, რას უჩივიან, რა სერვისი მიიღეს უკვე და ა.შ.
  • პაციენტი უფრო დაცულია, რადგან EHR-ს პოტენციური შეცდომები მინიმუმამდე დაჰყავს და იურიდიული დავების დროს, შესაძლებელი ხდება სიმსრთლის დამტკიცება.

 


რას გვთხოვს სახელმწიფო


სახელმწიფო ძალიან აქტიურად ცდილობს კლინიკებსა და ჰოსპიტალებს პროცესების გაციფრულებაში ხელი შეუწყოს.

ამას ადასტურებს ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 15 იანვრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარებს მოუწევთ, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეების ჯანმრთელობის ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში გადასცენ.

1 მაისიდან იგივე ბრძანება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეების შემთხვევაში საქართველოს ყველა სტაციონარს, 1 სექტემბრიდან ყველა ამბულატორიას, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეეხება, მიუხედავად იმისა, მათი პაციენტები სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ თუ – არა.

ამ ინფორმაციის გადაცემა ორნაირად შეიძლება მოხდეს, პირდაპირ სამინისტროს EHR-ში, ავტორიზებული პირების მიერ, ან ლოკალური EMR-ის* გამოყენებით. ბუნებრივია, მეორე გზა ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა. ამ საკითხს შემდეგ პოსტში უფრო ვრცლად განვიხილავთ.

*სამინისტრო ამ ორ ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობებით იყენებს: EHR-ს უწოდებს სამინისტროს სისტემას, ხოლო EMR-ს სამედიცინო დაწესებულების სისტემას. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს ტერმინები, ზოგადად, სინონიმებად მიიჩნევა.

 

რა პრობლემებს მოაგვარებს EHR-ი საქართველოში

საქართველოში ბოლო წლებში სამედიცინო ინდუსტრია ძალიან აქტიურად ვითარდება და ტექნოლოგიებიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. შესაბამისად, ჯანდაცვის IT-ის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვისაც.

გარდა იმ ფაქტისა, რომ სახელმწიფოსგან ელექტრონული სისტემების დანერგვის ბიძგი იგრძნობა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში უამრავი სირთულე იჩენს თავს.

ჩამოვთვალოთ კლინიკებისა და ჰოსპიტალების რამდენიმე პრობლემა:

  • კლინიკებსა და საავადმყოფოებს პრობლემები აქვთ დებიტორული დავალიანების აღრიცხვასა და გადამხდელებისგან თანხების მიღებაში;
  • უჭირთ პაციენტებზე გაწეული ხარჯების და შემოსავლების სწორად აღრიცხვა;
  • შეცდომებს უშვებენ ხელფასების დათვლასა და გაცემაში;
  • პრობლემები აქვთ მატერიალური ხარჯების აღრიცხვასა და მარაგების მართვაში;
  • პაციენტების რეგისტრაციის პროცესი მოუწესრიგებელი და ნელია;
  • მოსდით კლინიკური შეცდომები (დოზირება, მანიპულაციები, მკურნალობის დანიშვნა და სერვისების გაწევა);
  • ექიმები უამრავ დროს ხარჯავენ სამედიცინო ისტორიის წარმოებაზე, როცა შეეძლოთ ეს დრო პაციენტების მკურნალობისთვის დაეთმოთ;
  • პაციენტის მკურნალობას ექიმები ვერ აკვირდებიან დინამიკაში, ვერც ამბულატორიაში და ვერც – სტაციონარში;
  • ბეჭდური დოკუმენტების წარმოებასთან დაკავშირებით აქვთ უამრავი ხარჯი;
  • არსებობს სამედიცინო დოკუმენტაციის ფურცელზე წარმოების შედეგად გაჩენილი პრობლემები (დოკუმენტები ზიანდება და აღარ იკითხება, ხელნაწერი ხშირად გაურკვეველია, ფურცლებზე გროვდება ბაქტერიები).

მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ამ და სხვა მსგავსი პრობლემების მოგვარება EHR-ის დანერგვის შემთხვევაში ბევრად მარტივდება. ეს კი არა მხოლოდ კლინიკების მუშაობასა და სარგებელს, არამედ – პოტენციური კლიენტების რიცხვსაც გაზრდის. შეიძლება, ცოტა უხერხული იყოს პაციენტებზე, როგორც კლიენტებზე საუბარი, მაგრამ უნდა გავითვალისწინთ, რომ პაციენტი გადაწყვეტილებას იღებს რომელ სამედიცინო დაწესებულებას მიანდოს საკუთარი ჯანმრთელობა. თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე, მოწესრიგებულ კლინიკას კი ბაზარზე, ბუნებრივია, უპირატესობა ექნება.

 

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. არსებობს კიდევ რამდენიმე ბენეფიტი, რაც EHR-ის დანერგვას მოჰყვება კლინიკებსა და ჰოსპიტალებში:

  • დრო – პროვაიდერები აცხადებენ, რომ ის ექიმებს კვირაში დაახლოებით 10-20 საათს აზოგინებს, რაც შეუძლიათ პაციენტებს დაახარჯონ;
  • გარემო  დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოება ზოგავს ქაღალდს;
  • უსაფრთხოება  ელექტრონული დოკუმენტები დაცულია ყაჩაღობისგან, ადამიანური შეცდომების შედეგად დაკარგვისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან;
  • წვდომა  როდესაც ერთი კონკრეტული დოკუმენტის პოვნა სჭირდებათ პროვაიდერებს, აღარ უწევთ დოკუმენტებში „ქექვა“, ისინი მას მარტივად პოულობენ.
გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co