• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

კორპორატიული კულტურა: პატარა ცვლილებები დიდი მიზნების მისაღწევად

კორპორატიული კულტურა: პატარა ცვლილებები დიდი მიზნების მისაღწევად

კორპორატიული კულტურა ყველა ორგანიზაციაში არსებობს და ის იმ ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, სტანდარტებსა და რწმენებს გულისხმობს, რომლებიც ორგანიზაციას ახასიათებს და მის ბუნებას განსაზღვრავს.

კულტურა ორგანიზაციის მიზნებში, სტრატეგიებში, სტრუქტურაში, თანამშრომლების, მომხმარებლებისა და ინვესტორების მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატება, შესაბამისად, მას ბიზნესის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ინოვაციების დანერგვაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ მას ენიჭება.

კარგი კორპორატიული კულტურა ნებისმიერი ორგანიზაციის გამართულად მუშაობისთვისაა აუცილებელი: ჯანსაღ კორპორატიულ გარემოს თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია, მაშინ, როდესაც არაჯანსაღმა გარემომ შეიძლება კომპანიის ზრდა შეაჩეროს ან ბიზნესის წარუმატებლობაც გამოიწვიოს.

ჯანსაღია კულტურა, რომელშიც თანამშრომლები საკუთარ თავს გუნდის ნაწილად აღიქვამენ და სიამოვნებას მთლიანი კომპანიის წარმატება ანიჭებთ. არაჯანსაღი კულტურის პირობებში კი თანამშრომლები საკუთარ თავს ინდივიდუალურად, კომპანიისგან დამოუკიდებლად განიხილავენ და ისინი არა კომპანიის, არამედ თავიანთ დამოუკიდებელ საჭიროებებზე კონცენტრირდებიან. ასეთ დროს, თანამშრომლები ასრულებენ თავიანთი სამუშაოს მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს და მათი ერთადერთი მოტივატორი ხელფასია.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ორგანიზაცია განსხვავებულია, ბევრნაირი “მუშა” კულტურა შეიძლება არსებობდეს, თუმცა, არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს ჯანსაღი კორპორატიული კულტურის შესაქმნელად.

 

  1. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ნდობა. ის ძალიან რთულად მოპოვებადია, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი. თუ გსურთ თქვენი თანამშრომლები თავიანთ საქმეებში ჩართულები იყვნენ, ისინი თავიანთ მენეჯერსა და ორგანიზაციას უნდა ენდობოდნენ. თანამშრომლებს სჭირდებათ ნდობა იმათ მიმართ, ვისთან თანამშრომლობაც უწევთ.

  2. მეორე საკითხი თავისუფლებაა: თანამშრომლებს სჭირდებათ თავისუფლება მოქმედებისთვის, მცდელობებისთვის და შეცდომების უსაფრთხოდ დასაშვებად. თავისუფლება გადაჯაჭვულია ნდობის კომპონენტთან. მათ უნდა შეეძლოთ ილაპარაკონ თავიანთ სამუშაოზე ყველანაირი შიშის და უარყოფითი მოლოდინების გარეშე.

  3. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანები: ვერცერთი კომპანია ვერ შექმნის და შეინარჩუნებს კულტურას იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ღირებულებებს. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიებს რეკრუტინგში ყველაზე მკაცრი პოლიტიკა აქვთ. ანუ, რეკრუტინგის დროს, კანდიდატის არა მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან, არამედ კორპორატიულ კულტურასთან შესაბამისობასაც უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კულტურულად შესაბამისი თანამშრომლები 7%-ით ნაკლებ ხელფასზე თანხმდებიან და მათ შემთხვევაში დენადობაც სხვებთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. გამოდის, რომ ადამიანები უფრო დიდხანს ჩერდებიან კომპანიაში, რომლის კულტურაც მოსწონთ.

  4. ბოლო საკითხი სიახლეა: კომპანიები, რომლებიც არ ცდილობენ კულტურის მუდმივ განახლებას, აღმოაჩენენ, რომ მათი კულტურა მოძველებულია. თანამედროვე სამყაროში ორგანიზაციებს ეს ძალიან მოკლე პერიოდში შეიძლება დაემართოთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ცვლილებები აუცილებელი არაა გრანდიოზული და ძვირიანი იყოს. არც ისაა სავალდებულო, რომ ყველა განახლება თანამშრომლების მოტივაციის, პროდუქტიულობის, ჩართულობის ან თანამშრომლობის გაზრდაზე იყოს ორიენტირებული.

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ კულტურას არ შეუძლია ბიზნესის წარმატების მოტანა. ასევე ბუნებრივია, რომ კულტურის ნაწილი ისეთი საკითხებიც შეიძლება იყოს, რომლებიც ბიზნეს პროცესებზე პირდაპირ არ აისახება, მაგრამ ის მაინც აუცილებელია თუ გვსურს, რომ ჩვენი ბიზნესი დადებითად აღიქმებოდეს, თანამშრომლებს უხაროდეთ ჩვენთან მუშაობა და ჰქონდეთ სურვილი, მათი იდენტობის ნაწილი ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობაც იყოს.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co