• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

ყველაფერი, რაც HR-ებმა უნდა იცოდნენ ბოტების შესახებ

ყველაფერი, რაც HR-ებმა უნდა იცოდნენ ბოტების შესახებ

თანამედროვე კომპანიებს სამი ტიპის თანამშრომლები ჰყავთ: სრულ განაკვეთზე მომუშავე მუდმივი, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მუდმივი და შტატგარეშე თანამშრომლები. თითოეული ტიპი რეკრუტინგისა და ჩართულობის საკითხებში განსხვავებულ სტრატეგიას საჭიროებს. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მეოთხე ტიპის თანამშრომელიც არსებობს და ის ბოტია, რომელიც პირველი სამი ტიპისგან განსხვავებით, ადამიანი არაა.

ბოტების გამოჩენა ორგანიზაციებისგან მოითხოვს, რომ არა მხოლოდ ადამიანებისთვის დასავალებელ, არამედ ბოტებისთვის დასავალებელ საქმეზეც დაფიქრდნენ.

ალბათ ყველას გსმენიათ მათ შესახებ, მაგრამ მაინც აღვწეროთ ზუსტად რას წარმოადგენს ბოტი და შემდეგ მათ საჭიროებაზე ვისაუბროთ.

 

ვინ (რა) არიან ბოტები

ბოტი (იგივე ვებ რობოტი ან ინტერნეტ ბოტი) აპლიკაციაა, რომელიც ავტომატურ ამოცანებს ასრულებს ინტერნეტში. მათი ამოცანები ძალიან მარტივია, მაგრამ ეს მარტივი ამოცანები ძალიან ხშირად განმეორებადია.
ჩატბოტი ინტერნეტ ბოტის ახალი და სწრაფად მზარდი სახეობაა, მისი ამოცანაა გაიგოს რას ეკითხება ადამიანი და პასუხი სწორად, სწრაფად გასცეს.

 

ჩატბოტებს კლიენტების მომსახურებაში უკვე აქტიურად იყენებენ. 2016-დან 2017 წლამდე, ანუ, Facebook-ის Messenger-ის პლატმორმაზე ჩატბოტების განთავსებიდან ერთ წელიწადში მათმა რაოდენობამ 100,000-ს მიაღწია. კომპანიები ჩატბოტებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და მათი ჩართულობის გასაზრდელად იყენებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ დაგეხმაროთ პიცის გამოძახებაში, გადაგარიცხინოთ თანხა, გაგაცნოთ პოლიტიკური პარტიის დაპირებები და ა.შ.

 

თანაც, ბოტები ამას ნაკლები დანახარჯით აღწევენ: ახალი თანამშრომლების აყვანა და მისთვის ხელფასის გადახდა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბოტის შექმნა. რა თქმა უნდა, ბოტების პასუხი ავტომატურია და ჯერ იმდენად არაა განვითარებული, რომ ნებისმიერ კითხვაზე შეძლოს პასუხის გაცემა, შესაბამისად, გავრცელებულ შიშს, რომ რობოტები ადამიანებს ჩაანაცვლებენ, ჯერ არ უნდა ავყვეთ, რადგან ამის მიღწევამდე დიდი გზაა გასავლელი. ჯერჯერობით ბოტი მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელსაწყოა, რომელიც უკვე არსებულ დასაქმებულებს, მათ შორის, HR-ებს, საქმეს უმარტივებს.

ანუ, ბოტების არსებობა კომუნიკაციის ხარჯებს სრულად არ გააქრობს, თუმცა საგრძნობლად შეამცირებს.



როგორ დაეხმარებიან ბოტები HR-ს

ბოტებს ორგანიზაციები მაშინ გამოიყენებენ, როდესაც საქმიანობა განსაზღვრული, განმეორებადია და არ საჭიროებს ადამიანის გონებას. ცნობილია, რომ HR-ებს საკმაოდ ხშირად უწევთ ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა, ამას კი ბოტიც იმავე წარმატებით შეძლებს.

 

სამი მთავარი სფერო, რაზეც HR ბოტს დიდი ალბათობით შეეძლება პასუხის გაცემა ასეთია:

  1. ორგანიზაციის მონაცემებიდან საჭიროს მოძიება (მაგალითად: “რამდენი უქმე დღე მაქვს დარჩენილი?”)
  2. პასუხის გაცემა კანონებზე (მაგალითად: “საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მინიმუმ რამდენი დღე ამინაზღაურდება ცუდად ყოფნის შემთხვევაში?”)
  3. ტრანზაქციის მოთხოვნა (მაგალითად, შვებულებაში გასვლის მოთხოვნა)

 

როგორც ვთქვით, HR-ებს უამრავი დროის ხარჯვა უწევთ თანამშრომლების კითხვებზე პასუხის გასაცემად. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მათი დროისა და რესურსების 60% სწორედ ამაში იხარჯება. შედეგად ისინი ნაკლებ დროს უთმობენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა თანამშრომლების განვითარება, წარმატების დაგეგმვა ან სამუშაო ძალის ანალიზი. ზოგიერთ კომპანიაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლების თვითმომსახურების პორტალები დანერგეს, სადაც თანამშრომლები HR-ებს აღარ აწუხებენ, კითხვებზე პასუხებს თავად ნახულობენ და მოთხოვნებსაც თავადვე აყენებენ.

 

ეს პორტალი სიტუაციას ბევრად აუმჯობესებს (საშუალოდ 20-30%-ით), მაგრამ ბოტებზე კიდევ უფრო მაღალი მოლოდინები არსებობს. თანაც, მათი მოხმარება უფრო კომფორტულია პორტალებთან შედარებით, რადგან დიალოგის რეჟიმში იღებენ თანამშრომლები პასუხებს და არა – მონაცემებში ძიებით. ეს ყველაფერი ადამიანური რესურსების თანამშრომლებს სტრატეგიული საქმიანობისთვის დროს გამოუთავისუფლებს და აღარ მოუწევთ ავტომატური პასუხების გაცემა, ვინაიდან მათი საქმიანობის ამ მოსაწყენ და მექანიკურ ნაწილს ბოტებიც თავისუფლად შეითავსებენ.

 

სამუშაო ძალა იცვლება. ამ ეტაპზე შეიძლება არ გინდოდეთ ბოტის ყოლა, მაგრამ მომავალში დაგჭირდებათ, ამისთვის კი მზად უნდა იყოთ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co