• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რა არის ბრედფორდის ფაქტორი

რა არის ბრედფორდის ფაქტორი

ბრედფორდის ფაქტორი ერთი მარტივი ფორმულაა, რომელსაც ადამიანური რესურსების დეპარტამენტში იყენებენ.

ამ ფორმულას მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ დაადგინონ, ავად ყოფნის გამო სამსახურის გაცდენის მანერა კონკრეტული თანამშრომლების მიერ, ღირს ნერვიულობად თუ – არა.

ეს თეორია გვეუბნება, რომ ერთსა და იმავე პერიოდში, ორმა თანამშრომელმა შეიძლება ერთნაირი რაოდენობის დღეები გააცდინოს, მაგრამ ერთ შემთხვევაში ეს ქცევა საეჭვო იყოს, მეორეში კი – არა.

ანუ, შეიძლება ვიღაც ანამ და ნიკამ ერთსა და იმავე X პერიოდში, ერთი და იგივე Y დღე გააცდინონ, მაგრამ ანას გაცდენების მანერა ეჭვებს არ ბადებდეს და ნიკასი – ბადებდეს.

მოკლედ, ბრედფორდის ფაქტორი ამბობს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჯამში რამდენი დღე არ გამოცხადდა თანამშრომელი სამსახურში, უფრო დიდი მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რამდენ ინდივიდუალურ შემთხვევას წარმოადგენდა ეს გაცდენები.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ის კი არ არის საინტერესო, რომ თანამშრომელი წელიწადში 10 დღე იყო ცუდად, არამედ ის, თუ რამდენჯერ იყო ცუდად.

ბრედფორდის ფაქტორის ფორმულა გასაგებადაც და გამოსაყენებლადაც საკმაოდ მარტივია.

კონკრეტულ პერიოდში ბრედფორდის ფაქტორის გამოსათვლელად, გაცდენის ინდივიდუალური შემთხვევები კვადრატში უნდა ავიყვანოთ, შემდეგ კი გაცდენილი დღეების ჯამურ რაოდენობაზე გავამრავლოთ:

BF = A² * Y

სადაც:

BF არის ბრედფორდის ფაქტორი

A არის გაცდენის შემთხვევების რაოდენობა

Y არის გაცდენილი დღეების რაოდენობა

 

განვიხილოთ ორი შემთხვევა:

 

შემთხვევა #1


ცუდად ყოფნის გამო ანამ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გააცდინა სამსახური: ერთხელ 2 დღით, მეორედ – 3 და მესამედ – 5 დღით. ანუ, გაცდენის შემთხვევების რაოდენობა აქ გვაქვს 3, გაცდენილი დღეების რაოდენობა კი – 10.

ფორმულის მიხედვით, ბრედფორდის ფაქტორი იქნება შემდეგი:

BF = 3² * 10 = 90

 

შემთხვევა #2


ცუდად ყოფნის გამო ნიკამ ერთი წლის განმავლობაში ათჯერ გააცდინა სამსახური: ათჯერვე თითო დღით. ანუ, გაცდენის შემთხვევების რაოდენობა ნიკას სიტუაციაში არის 10, გაცდენილი დღეების რაოდენობა კი აქაც 10.

ფორმულის მიხედვით, ბრედფორდის ფაქტორი იქნება შემდეგი:

BF = 10² * 10 = 1000

 

 

როგორც ხედავთ, ერთი წლის განმავლობაში ორივემ 10 დღე გააცდინა. თუმცა, ნიკას 1000 ქულა აქვს, ანას კი – 90.

საზოგადოდ მიღებული "კარგი" და "ცუდი" შედეგები არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, რაც უფრო მეტია ქულა, მით უფრო საეჭვოა სიტუაცია. ანუ, ამ შემთხვევაში ანას გაცდენების მანერას დამატებითი გამოძიება არ დასჭირდებოდა, თუმცა ნიკას, სავარაუდოდ ეიჩარი დეტალებს ჩაეკითხებოდა.

ვინაიდან ობიექტურად და უნივერსალურად საეჭვო ქულა არ არსებობს, ყველა კომპანიას თავისი ზღვარი აქვს დაწესებული, რის შემდეგ უნდა დაიწყოს ნერვიულობა. მაგალითად, ზოგიერთი კომპანიის ზღვარი 100 ქულაა, რაც საკმაოდ დაბალია. უმეტეს კომპანიებს ბევრად მაღალი ზღვარი აქვთ.

სრული კომფორტისთვის, ზოგჯერ კომპანიის მიერ დაწესებული ზღვარი იმ HR მართვის სისტემაშია გათვალისწინებული, რომელსაც ეს კომპანია იყენებს. შესაბამისად, შეტყობინებები დამატებითი გამოძიების აუცილებლობაზე, ამ კომპანიის ეიჩარებს ავტომატურად მისდით.

დასკვნისთვის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ამ ერთი ფორმულის იმედად არ გამოვა ყოფნა, რადგან ის თანამშრომლების გაცდენებზე ამომწურავ სურათს ვერ დაგვანახებს.
ბრედფორდის ფაქტორი უბრალოდ მიმართულებას გვაჩვენებს და საშუალებას გვაძლევს, რისკები უკეთ ვმართოთ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co