• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

როგორ გამოვთვალოთ დასაქმებულის საბიულეტენო ანაზღაურება

როგორ გამოვთვალოთ დასაქმებულის საბიულეტენო ანაზღაურება

თუ ადამიანი დროებით შრომისუუნაროა და სამსახურში სიარული არ შეუძლია, მას ენიშნება დახმარება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან. საავადმყოფო ფურცელი იგივე ბიულეტენია: ის ავად ყოფნის მტკიცებულებას წარმოადგენს და მას ექიმი გასცემს.

ეს დახმარება გაიცემა შრომისუუნარობის პერიოდის მაქსიმუმ 40 კალენდარულ, ან 6 თვის განმავლობაში ჯამში მაქსიმუმ 60 კალენდარულ დღეზე.

 

რას ნიშნავს ეს?

ვთქვათ, ელენე რომელიღაც კვირა დღეს დროებით შრომისუუნარო შეიქნა. იგი წავიდა ექიმთან და მან ბიულეტენი გაუხსნა. იგი სამსახურში ერთი კვირა ვერ დადიოდა, თუმცა, შემდეგ ორშაბათს უკვე ადგილზე გამოცხადდა და ბიულეტენიც წარადგინა. იგი ავად 7 დღე იყო, 7 კალენდარული დღე, თუმცა ამ დღეებიდან სამუშაო მხოლოდ 5 იყო.

კოდექსი გვეუბნება, რომ დახმარება კალენდარული დღეების მიხედვით გაიცემა.
მაშინ გამოდის, რომ ელენეს შაბათ-კვირის ხელფასიც უნდა გადავუხადოთ?
რა თქმა უნდა, არა.

კალენდარული დღეებით არ გამოითვლება დახმარების რაოდენობა. კალენდარული დღეები მხოლოდ იმ პერიოდზე მიგვითითებს, რომლის განმავლობაშიც გვევალება ელენეს იმდენი გადავუხადოთ, რამდენსაც შრომისუნარიანობის პერიოდში გადავუხდიდით. ანუ, ანაზღაურება სამუშაო დღეების მიხედვით ითვლება.

მაშინ რა საჭიროა კალენდარული დღეების თვლა?

კალენდარულ დღეებს იყენებს ელენე, რათა გაიგოს, თუ რამდენი დღე შეუძლია არ იაროს სამსახურში. ამ დღეებს იყენებს დამსაქმებელიც, რათა გაიგოს, თუ როდის უნდა დაბრუნდეს ელენე სამსახურში, ან, თუ არ ბრუნდება, როდიდან შეუძლია დამსაქმებელს მისი გათავისუფლება.

ეს იმიტომ, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული უფრო დიდი ხნის განმავლობაშია დროებით შრომისუუნარო და, ამასთანავე, უკვე ისარგებლა ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებებით, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლება აქვს.

 

რის მიხედვით ითვლება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობა

დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის დაანგარიშების დროს ვითვალისწინებთ ხელშეკრულებით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას, ანაზღაურების ტიპსა და ნამუშევარი თვეების რაოდენობას.

ამ ცხრილზე ასახულია თითოეულ შემთხვევაში რის მიხედვით ვთვლით დასაქმებულის ხელფასს. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, შესაბამის მაგალითებსაც განვიხილავთ:

 

 

ხელშეკრულებაში არაა მითითებული ხელფასის რაოდენობა/ხელფასი ცვლადია

ხელშეკრულებაში მითითებულია ხელფასის ფიქსირებული რაოდენობა

3 ან მეტი თვეა მუშაობს

წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურების მიხედვით

ფიქსირებული ანაზღაურების მიხედვით

3 თვეზე ნაკლებია მუშაობს

იმ ადამიანის საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც იგივე კომპანიაში მსგავსი თანამდებობა და კვალიფიკაცია აქვს

ფიქსირებული ანაზღაურების მიხედვით

ბოლო სამ თვეში არ ჩარიცხულა ხელფასი

იმ ადამიანის საშუალო თვიური ანაზღაურების მიხედვით, რომელსაც იგივე კომპანიაში მსგავსი თანამდებობა და კვალიფიკაცია აქვს

 

ფიქსირებული ანაზღაურების მიხედვით

დახმარების დროს მხოლოდ ხელფასს ვითვალისწინებთ. ანუ, არ ვითვალისწინებთ შემდეგს:

  1. ბონუსებს, პრემიებსა და ჯილდოებს;
  2. ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და დანამატებს;
  3. ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურებას;
  4. არაფულად სარგებელს (მატერიალური ჯილდოები, დაზღვევის თანხები და ა.შ.)


როგორ განისაზღვრება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა

ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში საქმე მარტივადაა, ადამიანს ვუხდით იმდენს, რამდენსაც გასავუხდიდით დროებით შრომისუუნარო რომ არ ყოფილიყო.

იმ შემთხვევებში კი, როდესაც ხელფასი ცვლადია ან ხელშეკრულებაში არაა მითითებული, სიტუაცია ისევ რთულდება.

თუ ადამიანს 3 ან მეტი თვე აქვს ნამუშევარი ერთ კომპანიაში და მას ცვლადი ხელფასი აქვს ან ხელშეკრულებაში არაა მითითებული მისი ანაზღაურება, მაშინ მას თითოეული შრომისუუნარო დღისთვის გადავუხდით დღიურ საშუალო თანხას.

დღიური საშუალო თანხა შემდეგნაირად ანგარიშდება:

1. ვიღებთ დასაქმებულის ბოლო სამი თვის ანაზღაურებას და გამოგვყავს საშუალო;
2. საშუალო თვიურ ანაზღაურებას ვყოფთ შრომისუუნარობის თვის სამუშაო დღეების რიცხვზე.

უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ სიტუაცია:

ელენეს ცვლადი ხელფასი აქვს. იგი ერთი წელია ერთ კომპანიაში მუშაობს.
თებერვალში მისი ხელფასი 450, მარტში - 500, ხოლო აპრილში - 550 ლარი გამოვიდა.
მაისის ერთ დღეს იგი დროებით შრომისუუნარო იყო.

ამ დღის ხელფასს ზემოთ აღწერილი ნაბიჯების მიხედვით დავთვლით. ჯერ საჭიროა საშუალო თვიური ხელფასი გავიგოთ:

450 + 500 + 550 = 1500

1500 : 3 = 500

ახლა ეს საშუალო თვიური ანაზღაურება ამ თვის სამუშაო დღეების რაოდენობაზე უნდა გავყოთ. დავუშვათ, რომ მაისში 20 სამუშაო დღეა:

500 : 20 = 25

იმ ერთი შრომისუუნარო დღის ხელფასი 25 ლარი გამოვიდა.

 

დანარჩენ სიტუაციებში კი ხელფასი იმ სხვა ადამიანის ხელფასის მიხედვით გამოანგარიშდება, რომელსაც იმავე კომპანიაში მსგავსი თანამდებობა უკავია და კვალიფიკაციაც მსგავსი აქვს. ზევით აღნიშნული ორი ნაბიჯი კი უცვლელი დარჩება.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co